სტუდენტობის მიმართ რომანტიზმი გასაკვირი არაა. ალბათ, ყველას გამოგვიცდია ის მძაფრი შეგრძნებები, რაც უნივერსიტეტში სწავლებასა და ზოგადად, ცხოვრების ამ ეტაპს უკავშირდება.
„ბაგების სტუდენტური“ საცხოვრებლად საშიში, შემაძრწუნებელი და ერთი დიდი იმედგაცრუების ადგილია. 1970-იან წლებში აშენებული 5 საცხოვრებლიდან, სტუდენტებისთვის ახლა ორი შენობაღაა გამოყოფილი. ორივე ავარიული. მივუყვები შენობას მაღლა და კორიდორული სისტემით ჩამწკრივებულ ხის ყველა კარზე სხვადასხვა დროის წარწერებს ვკითხულობ. ზოგი ძალიან ძველია. 90-იანი წლების შემდეგ აქ სარემონტო სამუშაოები არ ჩატარებულა, ამიტომ, არ მიკვირს, თითოეული კარი ამდენს რომ ინახავს.
ოთხივე სართულზე კედლებს ელექტროსადენები გარედან მიუყვება. ჭერზე ზოგან დამწვრობის კვალია. ზოგან კედელი როგორც ჩანს, სადენების შესაერთებლად გამოუნგრევიათ და ისევე დაუტოვებიათ. პირველ სართულზე საერთო სველი წერტილებია. ამით სარგებლობს ოთხივე სართულის ყველა ბინადარი. აქ სტუდენტებს არ აქვთ სამზარეულო, არც საერთო, არც პირადი.