top of page

22 ფოტო ლელო 2022-დან

ლელობურთი გურიაში ყოველ წელს, აღდგომის დღეს იმართება. ამ დღეს ქვემო და ზემო შუხუთის მცხოვრებლები ცდილობენ, 16-კილოგრამიანი ბურთი თავიანთი სოფლის მხარეს გადაიტანონ.

 

ეს თამაში ტრავმების გარეშე იშვიათად მთავრდება, მაგრამ ადგილობრივებისთვის ის ისე მნიშვნელოვანია, რომ უკვე ათობით წელია, მის გარეშე მხოლოდ 2020-მა და 2021-მა წელმა ჩაიარა პანდემიის გამო.

 

მნიშვნელოვანიია იმიტომ, რომ ლელო უბრალოდ თამაში არ არის. ეს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია - 2019 წელს შევიდა იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის სიაში. მაგრამ უმაგისოდაც, ლელო უბრალოდ ბურთაობა არაა - ეს არის ტრადიციებისა და წეს-ჩვეულებების მთელი ჯაჭვი, რომელსაც გურიის ამ ერთ პატარა სოფელში თავდადებით იცავენ.

 

ის რიტუალით იწყება და მთავრდება. ბურთის შეკერვა, გაბერვა, წონის შემოწმება, უშუალოდ თამაში და შემდეგ, რაც მთავარია, იმ წელს გარდაცვლილი ადამიანის საფლავზე ატანა. შუხუთელებისთვის მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ყოველ წელს ზემო და ქვემო შუხუთელები თანხმდებიან, ვის საფლავზე აიტანენ ბურთს, გამარჯვების შემთხვევაში და სოფელში ეს ოჯახისთვის უდიდესი პატივისცემის გამოხატვაა.

 

ამიტომაც არის, რომ ყოველ წელს ლელოს უფრო და უფრო მეტი ხალხი თამაშობს. და მაყურებლებიც ყოველწლიურად ემატება. ამიტომაც ჩამოდიან აქ უცხოელი ტურისტები და ჟურნალისტები საგანგებოდ, რომ ამ სანახაობას დაესწრონ.

 

მაგრამ, კიდევ ერთხელ, ლელო არ არის უბრალოდ სანახაობა. ერთი შეხედვით ეს ქაოტური, ძალისმიერი თამაშია, რომელსაც სპორტსაც ვერ უწოდებ, მაგრამ თუ ამას სხვა კუთხით შეხედავთ - ისე, როგორც ამას შუხუთელები უყურებენ, მაშინ მიხვდებით, რომ ეს ჩვენი კულტურის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილია, რომელსაც გურიაში ალბათ, არასოდეს დაანებებენ თავს.

ავტორი: გიორგი გოგუა

bottom of page